საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამტრედიაში, ქართველ ქალსა და მის ერაყელ მეუღლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში სასულიერო პირი მონაწილეობდა. ამის შესახებ განცხადება მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გამშველებელს მეტი ხვდებაო”. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში მოხდა ინციდენტი, სადაც ქართველ ქალბატონს და მის ერაყელ მეუღლეს უსიამოვნო შემთხვევა მოუხდათ მოქალაქეებთან. სამწუხაროდ, ძალიან ორაზროვნად იყო ნახსენები ამ ინციდენტთან სასულიერო პირის კავშირი. ორაზროვნების გასაფანტად და სიცხადის შესატანად სამტრედიაში მოვინახულე მამა იოაკიმე. გაირკვა შემდეგი: ინციდენტი მოჰყვა ყოფით საგზაო შემთხვევას, დამოუკიდებლად ეროვნული ნიშნისა, სასულიერო პირი კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას“,- წერს ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, მას არ უკვირს, რომ სასულიერო პირს „ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მოძალადეობას დააბრალებდნენ“.
„როგორც ჩანს გავრცელებული ინფორმაცია ტენდენციურია და სასულიერო პირის ორაზროვნად ხსენება ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს იგი ძალადობდა, რაც სრულიად აცდენილია რეალობას. ბუნებრივია, სასულიერო პირი ასეთ შემთხვევაში გამშველებლის როლში აღმოჩნდებოდა და ბუნებრივია ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამართული დღევანდელი საომარი კამპანიის პირობებში, მას მოძალადეობას დააბრალებდნენ. სავარაუდოდ, მამა იოაკიმე სატელევიზიო ინტერვიუსაც მისცემს და სიმართლე გაცხადდება“,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ქეთი კამკამიძის ინფორმაციით, სამტრედიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები მის მეუღლეს, რომელიც ერაყელია, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„დილით გადავდიოდით ზებრა გადასასვლელზე. მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ტალახი შემოგვაყარა. გამოვთქვი აღფოთება, ავტომობილი მობრუნდა, გადმოვიდნენ მთვრალი კაცები, დამიწყეს ლანძღვა და გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მივარდნენ და ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს, მეუბნებოდნენ, ეს ერაყელი მოაშორე აქედანო. საჭესთან იჯდა სასულიერო პირი. როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა, გვეგონა გააშველებდა, მაგრამ მან გააკავა ჩემი მეუღლე და სხვები ურტყამდნენ. ისეთი ამბავი იყო, მაგისტრალი გადაიკეტა და პატრული გამოვიძახეთ”, -განაცხადა ქეთი კამკამიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მდინარეობს გამოკითხვები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.