ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს

გამომძიებლების შეკითხვებს “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი კახა დამენია პასუხობს. დამენია მთავარ საგამოძიებო უწყებაში „რუსთავი 2-სა“ და „ინტერმედიას“ შორის, ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს.

დამენია, ტელეკომპანიაში, ფინანსურ სამსახურს 2015 წელს ხელმძღვანელობდა. უცნობია, კონკრეტულად რა ეპიზოდები აინტერესებს თადუმაძის უწყებას. კახა დამენიამ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე “კურიერს” განუცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.

„ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს იმიტომ, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, სწორად და არაფერი ისეთი არ იყო, რაზეც რაიმე დასამალი იყოს. ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი. საქართველოში, ალბათ, ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ასეთი ისტორია აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს. მე არაფერს არ ველოდები იმიტომ, რომ ძალიან თეთრი ბრჭყვიალა ძაფით უნდა შეიკეროს, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემა ნახონ მაგ პერიოდზე,“ – განაცხადა კახა დამენიამ.

ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მედიაზე ზეწოლის მცდელობას უკავშირდება. ბასილაია აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ისედაც ცხადია, რომ „რუსთავი 2-სა“ და „ინტერმედიას“ შორის, ფინანსური ოპერაციები კანონიერი და გამჭვირვალე იყო.

„მკაფიოდ ჩანს, რომ ამ საქმის მთელი მოტივაცია არის მედიასთან დაკავშირებული საკითხები და არა ფინანსური საკითხები, არა რომელიღაც მინორი დამფუძნებლის პრეტენზიები და ა.შ. ყველა კითხვაზე, ფაქტიურად არსებობს გამჭვირვალე, ღია პასუხები, უფრო მეტიც, ყველა ის საკითხი, რასაც თითქოს და სწავლობს პროკურატურა დადეკლარირებულია, გადასახადები გადახდილია და რაიმე ინფორმაცია არ არის დაფარული. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, გამოძიების მოტივაცია ამ საქმეში არის არა იმის დადგენა, რომ ხდებოდა თუ არა კანონიერად, ღიად და გამჭვირვალედ სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები, ეს ისედაც ცხადია მათთვის, გამოძიების მოტივაცია არის, რომ ამ პროცესს, პიარული თვალსაზრისით მაინც, მიაბას გარკვეული პირები, რომ ააგოროს თემა, რაც მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნეს მედიაზე ზეწოლისთვის“ – აცხადებს ბექა ბასილაია.

 

იტვირთბა....