დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის განახლებულ პარკში, სადაც პარკის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, მიესალმება, რადგან ლარი დასტაბილურებისკენ წამოვიდა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, ამ მხრივ, ძალიან მძიმე ვითარება იყო.
“კარგია ის, რომ ლარი წამოვიდა დასტაბილურებისკენ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ტენდენცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში არსებობდა, ძალიან მძიმე იყო. მოსახლეობისთვის იყო უმძიმესი. ის კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რაც განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, მივესალმები. მთავარია, ის ტენდენცია, რაც გვაქვს – კლება იყოს შენარჩუნებული”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებას, რომ ლარის კურსის ვარდნა 20-21 ივნისის და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, კალაძემ განაცხადა: “დიახ, ყველაფერი ერთად მოქმედებს. შეუძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით განვიხილოთ. ყველა ფაქტორი ერთად ახდენს გავლენას.