საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლებს რენატა ვინტერსა და მაია ჩოჩუას შეხვდა.
ოხანაშვილის განცხადებით, თეორიულად იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი აგვისტოში დასრულდეს და სია საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნოს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყოს, მათ შორის, კრიტიკული. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა ჰქონდეს და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ. ეს უკავშირდება იმას, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოებას პროცესთან დაკავშირებით წვდომა ჰქონდეს და არც ერთი კითხვა არ დარჩეს, სადაც კითხვა დაისმება, რომ რაიმე ფორმით პროცესი არ იყო გამჭვირვალე. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრეთ, კონსულტაციის გავლა მოგვიწევს და პოზიციას შევაჯერებთ, თუმცა ძირითადი წითელი ხაზი იქნება ის, რომ პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, დაისმება ყველა კრიტიკული კითხვა, რათა წარმოჩნდეს, ვინ არის ღირსეული კანდიდატი, რომელმაც უნდა მოიპოვოს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა. რაც შეეხება სიის წარდგენას, ეს დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე როგორი ფორმით გააგრძელებენ კანდიდატების მოსმენას. რამდენი კაცი იქნება წარმოდგენილი, წინასწარ ამასაც ვერ განვსაზღვრავთ, ესეც საბჭოზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.