“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებას, რომ ხელისუფლება პოლიტიკური რეპრესიებს ახორციელებს პასუხობს და აცხადებს, რომ აქციაზე პოლიტიკოსები გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის არ უნდა ეპატიოს
კალაძის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა იმ დესტრუქციული ქმედებებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან აქვს ადგილი.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, გადატრიალება, სისხლისღვრა, მოწოდებები, რასაც 20-21 ივნისს ვისმენდით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი, იქ გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის არ უნდა ეპატიოს – პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი, მძიმეა ის რაც ვნახეთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მან მიმდინარე დაკავებების სამართლებრივი შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ყველა შესაბამის კითხვას არა თბილისის მერი, არამედ, შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა პასუხობდნენ.
” მე შეფასება გავაკეთე პოლიტიკური კუთხით, რაც შეეხება მუხლობრივ განხილვას, ეს სამართალდამცველებმა უნდა გააკეთონ. შესაბამისი კითხვები მათ უნდა დაუსვათ და არა თბილისის მერს”, – განაცხადა კახა კალაძემ.