ლენტეხის რაიონში, სოკოთი მოწამლული 3 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე, სტაბილურად მძიმეა. ისინი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
რაც შეეხება ერთ გარდაცვლილ მამაკაცს, ექიმების თქმით, მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, შესაბამისად, ის დანარჩენ სამთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გარდაიცვალა.
“ერთი პაციენტი იყო ქრონიკული ავადმყოფი, გულის უკმარისობით, მოციმციმე არითმიით, არტერიული ჰიპერტენზიით. მზადდებოდა საოპერაციოდ. შუნტირება უნდა გაკეთებოდა უახლოეს მომავალში. ყველაზე მძიმე პაციენტი ის იყო და ეს პაციენტი დაიღუპა. დანარჩენი სამი პაციენტის გადაყვანა მოხდა სპეციალიზირებულ კლინიკაში, ქალაქ ქუთაისში. სამივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სტაბილურად მძიმეა მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, კომით მოხდა მათი გადაყვანა,“ – აცხადებს ექიმი, გრიგოლ ტურძელაძე.
ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ოთხიდან ერთ-ერთმა, სოკო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრიფა და ამის შემდეგ თავის ახლობლები დაპატიჟა.
„მე რომ გავიკითხე რა ხდებოდა, ერთ-ერთს ამ ოთხიდან, ტყეში ყოფილა, სოკო მოუკრეფია, ნოდარი ლიპარტელიანს, მოუტანია სახლში და იქ მეზობლებისთვის დაუძახია, ბიჭებისთვის, უჭამიათ ეს სოკო და ნახევარ საათში ოთხივეს მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. შემთხვევით ერთ-ერთი მოვიდა აზრზე, ცოტა გონებაზე და სასწრაფოს დაუძახა და სასწრაფო რომ მივიდა, უთხრა, რომ სოკოთი ვართ მოწამლულებიო“ – განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.
სოკოთი მოწამლულებიც და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით ვერ სახელდება, რა სახეობის სოკო მიიღო ოთხმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, სამი კი ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩება.