გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება და ანტიოკუპაციური აქციის შემდგომი პოლიტიკური რეპრესიაა.
მათი თქმით, ოქრუაშვილის დაკავების საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა მან რუსთავი 2-ზე პრეტენზია გამოხატა. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგზე ისაუბრეს.
ოქრუაშვილს პოლიტმატიპრად მიიჩნევს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც და ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებაზე საუბრობს.
“სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტიკურ პატიმართა რიცხვი. ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. საღამოს შვიდი საათიდან დილის შვიდის ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის პროსპეტზე, რომ არავითარი ძალადობა და არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმია და მასში მონაწილეობა არ მიუღია”, — განაცხადა ვაშაძემ.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიები ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქცევების გამო გაერთიანდნენ. მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკურ დევნაზე გადავიდა, რადგან გაერთიანება აშინებს.
“მისი მიზანია ამ რეპრესიების დროს დისონანსი შეიტანოს პოლიტიკური პარტიების დიალოგში. ის ხედავს, რომ ჩვენ ძირითად საკითხებზე ვთანხმდებით და ერთად ვდგავართ. ის ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის რეპრესიებით შეაშინებს პოლიტიკურ ფიგურებს, ბიზნესს და ვერ შევძვლებთ ჩვენ ერთმენთთან საუბარს”, — განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობა ედებათ. 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი — ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.