ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროა, რომ ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით არ მთავრდება სპეკულაციები მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პრიორიტეტულობას მთავრობის ფაქტობრივად ყველა წევრი ყველა ტრიბუნიდან ადასტურებს.

ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოდან, კონსორციუმის თხოვნით, რამდენჯერმე გადავადდა პორტის პირველი ფაზის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოძიების თარიღი. 2019 წლის ივნისში განხორციელებული ბოლო ცვლილების შედეგად, ამ  ვადამ გადაიწია 2019 წლის ბოლომდე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ პროექტის გადარჩენის მიზნით, 2018 წლის დეკემბრიდან საქართველოს მთავრობა ჩაერთო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების თემა იყო პორტის მშენებლობის დასაფინანსებლად  ანაკლიის კონსორციუმისთვის საჭირო სესხის გაცემა. მოლაპარაკების ორი რაუნდის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ბანკების მიერ წარმოდგენილ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნაზე, გარდა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის და სესხის სრულად უზრუნველყოფისა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას. სწორედ ამის დასტურად ჩაერთო იგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ბანკებს შორის მოლაპარაკებებში და აგრძელებს მუშაობას კონსორციუმთან მაისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და ბანკებთან გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის განხორციელება არ არის და ვერ იქნება დაკავშირებული  რომელიმე კონკრეტულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთან და ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია თუ სპეკულაცია, სამწუხაროდ ისევ  პროექტის სწორ განვითარებას და ინვესტორსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს. ანაკლიის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება“, – აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

იტვირთბა....