საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საოცრებაა, როცა ადამიანი ზის და საათების განმავლობაში იმ კრიმინალურ აქტებს ყვება, რომელსაც ჩადიოდა თანამდებობაზე ყოფნის დროს, ან პოლიტიკურად სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს დგამდა სხვდასხვა ეტაპზე.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ამ ადამიანის სმენით ზედმეტად არ უნდა გადაიღალოს, რადგან ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მოქალაქეებს ბევრად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ.
„მთელი დროის ხარჯვა ოქრუაშვილის თუ სხვების წარსულში ჩადენილი ბინძური ქმედებების განხილვებზე, არ მგონია, სასარგებლო და პროდუქტიული იყოს. ამ ადამიანზე საუბარი და კომენტარების კეთება არც მინდა. ჩემთვის მისი ყველა განცხადება უბადრუკული მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს და ვიღაცას თავი ამართლებინოს. ეს არის მისი ტაქტიკა, როგორმე ვინმემ გააშუქოს და ვინმე ჩააყენოს თავის მართლების რეჟიმში. მისი ეს მცდელობა მართლა უკვე უბადრუკად გამოიყურება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.