ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია ცქიტიშვილმა ბესელიასა და საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს – პატარაია

მაია ცქიტიშვილის განცხადება არის სრულიად მიუღებელი. ვფიქრობ, მაია ცქიტიშვილმა, რამდენიმე მიზეზის გამო, ბესელიასა და საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და თან განმარტოს საკუთარი განცხადება, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებას.

პატარაიას განცხადებით, დანაშაული გენდერული ნიშნითაა ჩადენილი და ქალ პოლიტიკოსებს მეტი სოლიდარობა მართებთ, ხოლო ცქიტიშვილმა მიუღებელი განცხადება გააკეთა.

“ჯერ ერთი, ეს განცხადება ეხება ისეთ დანაშაულს, რომელსაც გენდერული ხასიათი აქვს და როგორც წესი, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგაა ჩადენილი. როგორც ქალ პოლიტიკოსს მეტი სოლიდარობა მართებს საკუთარი კოლეგების მიმართ და უფრო მეტი მოეთხოვება. ამ დროს კი მაია ცქიტიშვილი აკეთებს ასეთ მიუღებელ და საშინელ განცხადებას.

მეორე, “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა ამ დანაშაულის დღემდე ვერ გამოძიება. პირდაპირ მთავრობაა პასუხისმგებელი რომ ვერ იძიებენ ამ საქმეს და შეუძლებელია მინისტრი ამბობდეს, რომ მას მობეზრდა ვიღაცის საქმე.

მესამე, ეკა ბესელია სრულიად ლეგიტიმურად ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელების უკან დგას სახელმწიფო, ვინაიდან კადრები მხოლოდ მაშინ გავრცელდა, როდესაც ბესელია ოპოზიციაში გადავიდა და “ქართულ ოცნებასთან” პრობლემები შეექმნა. წარმოიდგინეთ, ეს ქალი, მაია ცქიტიშვილი, განცხადებას აკეთებს, რომ მომბეზრდა იმ დანაშაულზე საუბარიო, რომელზეც დაზარალებული, პრაქტიკულად, ხელს ადებს “ქართული ოცნებას”.

ამიტომ, ეს განცხადება არის მრავალმხრივ პრობლემური. საერთოდ მიუღებელია, რომ ნებისმიერ დანაშაულზე მთავრობის წევრი ამბობდეს, რომ მობეზრდა მასზე საუბარი, როდესაც მთავრობისა და გახარიას პირდაპირი ვალდებბულებაა, რომ ეს დანაშაული გამოიძიონ”, – აცხადებს პატარაია.

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს თქვა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია.

ცქიტიშვილს ბესელიაც გამოეხმაურა: “რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს ? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??”, – დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრმა ბესელიამ.

 

 

იტვირთბა....