ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იური, სამართალმა იზეიმა, ძალიან გული მწყდება, რომ ამ დღეს ვერ მოესწარი” – ვაზაგაშვილის და

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, თუ შეიძლება ამას სასიხარულო ერქვას..

„ყოველთვის ამბობდა, შევეწირები ამ საქმესო და შეეწირა. სიმართლემ მაინც იზეიმა. ვისაც ეგონა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მართლა ყაჩაღები იყვნენ, როგორც ამას წინა ხელისუფლება, მკვლელები ამბობდნენ, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს ასე არ იყო. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა.

ჩემმა მტერმა გაიაროს ის, რაც ჩვენ გავიარეთ. გარდა იმისა, რომ ამხელა ტრაგედია გადავიტანეთ, განვიცდიდით ზეწოლას მკვლელების მხრიდან – უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, საშინელებები გადავიტანეთ, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი, რომ სამართალი იზეიმებდა. როგორც კი გავიგე დღეს ეს ამბავი, ერთი სული მქონდა, გავქცეულიყავი და ჩემი ძმისთვის ჩამეძახა სასაფლაოზე, რომ იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე. ჩემი ძმა გამარჯვებულია, ის კაცურად წავიდა და ეს მხდალები და მკვლელები დამარცხდნენ“, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

მანანა ვაზაგაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილი სამართლის მისაღწევად ცხრა წლის განმავლობაში იბრძოდა.

„იური იმიტომ მოიშორეს, რომ ყველა არ დაისაჯა. დაისაჯა ძირითადი ფიგურა, ვინც ეს სპეცოპერაცია მოაწყო, სამი ადამიანი. იური რომ ცოცხალი ყოფილიყო, მკვლელობაში მონაწილეებს გარეთ არ დატოვებდა და მოიშორეს. ზეიმობენ, მაგრამ ნუ ზეიმობენ. აუცილებლად დაისჯება ყველა. მართალია სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცნენ, მაგრამ ველოდები ღმერთის სამართალს. დარწმუნებული ვარ, დანარჩენი პირები დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ. რამდენიმე ვიცი. იურიც მუდმივად მაგას ამბობდა, ჩემი შვილის მკვლელები დღესაც თანამდებობებზე არიანო. იცოდა თითოეული მათგანი სად მუშაობდა, გვარებით, სახელებით და მოიშორეს. რისთვის მომიკლეს ძმა, რადგან შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა. ცხრა წელი იბრძოლა და ვერ მიაღწია სამართალს. დღეს დადგა სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევრო ოჯახი სასარგებლოდ დააკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის

იტვირთბა....