პარლამენტი არანაირ ზომებს ღებულობს. სამწუხაროდ, ვითარება შრომის უსაფრთხოების და შრომის პირობებში არის აღმაშფოთებელი. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო სრულიად არასაკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანები ამ საფრთხისაგან, რომელიც წარმოიშვება ასეთ სამუშაო ადგილებში, – ასე ეხმაურება პარლამენტის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი “მეტრონომთან” საუბრისას თბილისში მშენებლობაზე 16 წლის მუშის გარდაცვალებას.
როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, აუცილებელია შრომისადმი დამოკიდებულების შეცვლა და კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.
“მეორე საკითხი არის მდგომარეობა და ზოგადად, შრომისადმი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში. დასაქმების ისეთი დაბალი დონის პირობებში, მათ შორის დაქირავებულებიც მზად არიან ნებისმიერ პირობებში იმუშავონ. ძალიან კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკაა გასატარებელი, რათა მინიმუმამდე დავიდეს ასეთი საფრთხეები. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ინსპექცია უფრო ქმედითი გახდეს.
მთლიანობაში თუ არ შეიცვალა შრომისადმი დამოკიდებულება, რომელიც ინვესტიციების დანამატად მიიჩნევა და იგულისხმება მთავარია ინვესტიციები გქონდეს, რაც შეცდომაა. ინვესტიცია შრომის გარეშე არავით უკუგებას არ იძლევა. ეს ცვლილებები არ განხორციელდა და ვფიქრობ, ეს ხელისუფლება ამ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, ამიტომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო. მათ შორის ხელისუფლების ცვლილებაც, რომელიც შრომას მიიჩნევს ქვეყნის მამოძრავებელ ძალად და ადამიანის არსებობის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად და შექმნის ღირსეულ სამუშაო პირობებს ადამიანებისთვის. ხელისუფლების ცვლილება არ უნდა მოხდეს ახალი ნეოლიბერალებით ან უფრო უარესი ნეოლიბერალიბერალებით, რომელთაც ის კანონებიც არ ქონდათ, რაც დღეს არის. “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” არიან შრომის პირველი მტრები. უნდა მოვიდეს სხვა ხელისუფლება”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის დოლაბაურის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე მუშა გარდაიცვალა, ის არასრულწლოვანი იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.