თბილისის დოლაბაურის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე გარდაცვლილი მუშა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ბექა ფერაძის, თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის მოზარდია.
ფერაძის განცხადებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო და ამიტომაც დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესები შეაჩერა.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, პაატა ჟორჟოლიანის, განმარტებით, შრომის კოდექსში ცალსახად არის მითითებული, რომ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანის დასაქმება აკრძალულია. კომპანია კი პასუხისმგებელია გააკონტროლოს, რომ სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვანი არ დაასაქმონ.
შეგახსენებთ, დღეს, 16 ივლისს, ახალგაზრდა მამაკაცი ისნის რაიონში მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.