ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მუშის გარდაცვალების მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა” – შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მაია მიქაიამ დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.

მისი თქმით, იმ მშენებარე კორპუსში, რომლის ლიფტის შახტშიც ერთ-ერთი მუშა ჩავარდა და გარდაიცვალა, რამდენიმე დარღვევა იკვეთება.

“ფაქტის დადგომის შემდგომ მოვიდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი და ვსწავლობთ აღნიშნულს, თუ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული უბედური შემთხვევა. პირველადი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობიექტზე მიმდინარეობდა ლიფტის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, ბაგირის შეცვლა. სამუშაოები მიმდინარეობდა პასუხისმგებელი პირის გარეშე, ასევე, ობიექტზე სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც ახორციელებდნენ სამუშაოებს. რაც შეეხება სწავლების ნაწილს, იყო თუ არა დასაქმებული ინფორმირებული, როგორ უნდა განეხორციელებინა სამუშაოები. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დამსაქმებელი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, არ ტარდებოდა სრულყოფილი სწავლება. რაც შეეხება სხვა დოკუმენტაციას, ველოდებით, რომ კომპანია მოგვაწვდის მას და სწორედ ამ დოკუმენტების შესწავლით, ობიექტის დათვალიერების შემდგომ ექნება ინსპექციას საშუალება, რომ დადოს სრულყოფილი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები, ამის თქმა შეიძლება”, – განაცხადა მიქაიამ.

მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე ადამიანი მუშაობდა ერთობლივად, თუმცა კონკრეტული თვითმხილველი შემთხვევას არ ჰყავს და არ იციან, რას აკეთებდა ეს დასაქმებული იქ, თუმცა მიმდინარეობდა ლიფტის შახტზე სადემონტაჟო სამუშაოები, ანუ ბაგირის გამოცვლა”, – აღნიშნა მიქაიამ.

მიქაიამ ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, გარდაცვლილის არასრულწლოვანებასთან დაკავშირებით.

“ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა ამის დადასტურება არ შემიძლია, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია არ გვაქვს -არ გვაქვს ხელშეკრულება, რაც მასთან ჰქონდათ გაფორმებული, ასევე, ამ ადამიანის მაიდენტიფიცირებელი პირადობა, რომ ჩვენთვის გახდეს ზუსტად ცნობილი, იგი არასრულწლოვანი იყო თუ არა. შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში ცალსახად არის ნორმა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანი. შესაბამისად, უნდა გავარკვიოთ ეს ინფორმაცია, რა იყო გარდაცვლილის ასაკი”, – განაცხადა მიქაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

იტვირთბა....