ამ აქციამ მეტწილად თავის მიზანს უკვე მიაღწია. დარჩა პატარა კომპონენტი, როგორიცაა ერთ-ერთი მინისტრის გადადგომა. შეიძლება ეს “რკინის მინისტრია” და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში “რკინის მინისტრები” მინისტრები პოლიტიკური ძალაუფლების საყრდენს წარმოადგენენ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აქციის მოთხოვნები მეტწილად უკვე დაკმაყოფილდა, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, აქცია “სირცხვილიას” სახე არის მაკო გომური და ის ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახით და დროთა განმავლობაში სწორედ მაკო გომური მოუვლის მთელ ხელისუფლებას.
“რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ეს დროის საკითხია. აქცია რომ დაიშალოს და სახლში წავიდეს, შინაგან საქმეთა მინისტრი მაინც გადადგება. თუმცა, აქციების ფონზე, როდესაც ხელისუფლება გაჭირვებულია, ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებას ჯორზე შეჯდომა უყვარს და თავის მოქალაქეებს ეჯიბრება. ჯიბრის რეჟიმში როგორც კი ხელისუფლება მოქალაქეებთან გადავა, ის ნებისმიერ შემთხვევაში აგებს.
მე მგონია, რომ მაკო გომური შინაგან საქმეთა მინისტრს კი არა, მთელ ხელისუფლებას მიხედავს დროთა განმავლობაში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ იქ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციის ხალხი კი არ არის, კონკრეტული ადამიანი, მაკო გომური არის აქციის სახე, ის ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით და არ ვიცნობ ისეთ მინისტრს, რომელიც ამ ზეწოლას გაუძლებს. მე, ზოგადად, ისეთ ხელისუფლებასაც არ ვიცნობ, რომელსაც მაკო გომურთან მოგება შეუძლია, მას ამ ბრძლაში გადამწყვეტი უპირატესობა აქვს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს.
აქციის დაშლისას დაშავდნენ მოქალაქეები, რამოდენიმე მათგანმა თვალიც დაკარგა, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა.
პარლამენტის წინ აქცია სირცხვილია უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
იქამდე აქციის მონაწილეების 3 მოთხოვნა დაკმაყოფილდა – პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება პროპორციული სისტემით და გათავისუფლდნენ აქციუის დაშლისას დაკავებული პირები.