მე რატომ უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე, არაფერ შუაში არ ვარ, ვის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია, ამის შესახებ არაფერი ვიცი და არც უნდა ვიცოდე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩუგოშვილის პასუხი კითხვაზე იმყოფებოდა თუ არა გიორგი გახარია აქციის ღამეს ელჩებთან ერთად.
ჩუგშვილმა შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა.
„თქვენი შეფასება ჩემთვის არის წმინდა პარტიული შეფასება, პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენი პოზიცია და თქვენი აღქმა მოვლენების პირდაპირ არის წმინდა პარტიული ხაზით შეფასება მოვლენების და მე ვერ გამოგყვებით ამ შეფასებაში. ჩემი პოზიციის მოსმენის საშუალება აქვს საზოგადოებას, როცა ეს სჭირდება, ამ ფორმატში არ ვაპირებ თქვენს კითხვაზე პასუხს, გასაგები მიზეზების გამო, თუ გინდათ, დავჯდეთ ეთერში და ვისაუბროთ“.
თამარ ჩუგოშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებების საკითხს.
„ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის იმის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი, რომ პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არის, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ეს არის ნებისმიერი ცივილიზებული განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა არის სრულიად შოკისმომგვრელი.
ასე რომ, მსგავს საკითხებს რომ სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მოყვება, ეს ნურავის უკვირს. ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი პარლამენტზე შტურმისკენ ვინმეს მოუწოდებდეს და მიუძღოდეს ეს არის წარმოუდგენელი რამ და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, თუ მოხდება ასეთი მოვლენები, იმაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც იქნება და ამას პოლიტიკურ დევნას კი ნუ ეძახიან, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.