მე მსგავსი არაფერი განმიცხადებია. მეორე, როდესაც კორესპოდენტს არ აცლი ლაპარაკს, კითხვას კითხვაზე უსვამ და ვერ ხვდები რა კითხვაზე რას გპასუხობს და მერე აკეთებ ინტერპრეტაციას და საკუთარ ფეისბუქზე წერ, რომ ზოიძემ თქვა აქცია “სირცხვილია” მეხუთე კოლონაა, ეს არაეთიკურია ჟურნალისტების მხრიდან, – ამის შესახებ “მეტრონომს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა.
როგორც ზოიძემ “მეტრონომს” განუცხადა, მას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში არ უთქვამს, რომ აქციაზე მყოფი ახალგაზრდები არიან “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები.
“როდესაც ჭრი ვიდეოს და აღარ უშვებ და კი ბატონოს ეუბნები იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც 20-ში იდგნენ და ესენი არიან, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ და მანამდე ლაპარაკობ მეხუთე კოლონაზე “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მერე მკვეთრად უნდა გამიჯნო ეს ყველაფერი”, – განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე დგანან გულანთებული ახალგაზრდები და მათ მიტმასნილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც “მეხუთე კოლონის” როლს ასრულებენ.
“მკაფიოდ გეტყვით ახლა. პირველი, დღემდე ვთვლი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მათი განაყოფები ნებსით თუ უნებლიეთ თამაშობენ მეხუთე კოლონის როლს რუსეთისათვის ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, ისინი იქნებიან აქციაზე თუ გაკეთებენ პოლიტიკურ განცხადებას. ყველა ლიდერი და აქტივისტი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსი”. ეს არ ეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი გულისა და სინდისის კარნახით მოქმედებენ. ეს ეხება სამოქალაქო აქტივისტებს, ნამდვილ სამოქალაქო აქტივისტებს და არა სამოქალაქო აქტივისტების ფორმაში გადაცმულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
იმ აქციაზე ჩემი შვილებიც იდგნენ და ჩემი შვილის მეგობრები დღესაც დგანან იქ. ახლა ვეთანხმები თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამა რანაირი მეხუთე კოლონა მათ არ ეხებოდათ. საწინააღმდეგო ამისას ვერც ერთ ჩემს განცხადებაში ვერ იპოვიან. მაგის თქმა რომ მინდოდეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებდი. რასც ვამბობ ჩემი მტკიცე რწმენაა და ვისაც არ უნდა ნუ დაიჯეროს. ეს არაერთხელ მითქვამს, რომ იქ არიან გულანთებული ახალგაზრდები და მათ უკან მიტმასნილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები”, – განაცხადა ზოიძემ.