პოლიტოლოგმა ამირან სალუქვაძემ “მეტრონომთან” საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მიზანზე და მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მინისტრი, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხსაც შეეხო.
“[შეხვედრა] საინფორმაციო ხასიათის იყო. მინისტრმა გაგვაცნო ის ნიუანსები, რაც ხდებოდა, როგორც 20-21 ივნისის წინა პერიოდში, ასევე იმ დღეებში – თუ როგორ დაიწყო პროცესები, როგორ განვითარდა და შემდგომში უკვე საპოლიციო ოპერაციის შესახებ. გაგვაცნო ნიუანსები, დეტალები, რაც თითქოს ცნობილი იყო, მაგრამ მინისტრისგან გავიგეთ და იყო პატარა პრეზენტაცია, რაც ეხებოდა, როგორც მომიტინგეთა მხრიდან ქმედებებს და მათ შორის ძალადობრივ ქმედებებს პოლიციის წინააღმდეგ და ასევე, თვითონ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ზომებს, მათ შორის გადაცდომებს, ნიუანსებს, რომლებზეც საზოგადოება ელოდება პასუხებს შსს-ს და სხვა უწყებების მხრიდან.
რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, ამაზეც იყო საუბარი. ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა, რადგან ნებისმიერ საშუალებაზე ღიად იძებნება ინფორმაცია. თავშივე იყო ცნობილი, რომ არც ერთი სახეობის, არც მეორე სახეობის რეზინის ვაზნა არ არის უკანონო და ზედმეტად გადაჭარბებული. დათვის საწინააღმდეგო რეზინის ტყვია ვის უნახავს საერთოდ, აბსურდია. ნებისმიერი პოლიციური აღჭურვილობა, ხელკეტი იქნება ეს, ფარი, წყლის ჭავლი თუ რეზინის ტყვია, შესაძლოა, აღმოჩნდეს ლეტალური მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში. ეს უნდა იცოდეს სწორად საზოგადოებამ.
ამიტომ [მინისტრი], აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით ცალკეულ შემთხვევებზე დაგვპირდა, რომ ძალიან მოკლე ვადაში იქნება გაცემული პასუხები, რადგან მიმდინარეობს ზღვა ინფორმაციის გადამუშავება და საგამოძიებო პროცედურას აქვს თავისი ვადები. ელემენტარულად, ერთი ადამიანი რომ გამოკითხოთ ამას სჭირდება საათები და ასევე მთელი მასალების გაანალიზება. როგორც ვიდეო მასალების, ასევე მოწმეთა ჩვენებების და სხვა. აი, ამ კუთხით მივიღეთ ინფორმაცია.
რაც შეეხება ბრძანების გაცემას, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მინისტრმა თქვა, რომ დიახ, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ბრძანება, რა თქმა უნდა, გავეცი მე, მაგრამ ბრძანება არ სჭირდება პოლიციას კონკრეტულ სიტუაციებში. საუბარია კონკრეტულ რეგლამენტებზე, პროტოკოლებზე, ინსტრუქციებზე, რომლის თანახმადაც მოქმედებს, როგორც ცალკეული პოლიციელი სპეცრაზმელი, ასევე მთლიანად მთელი ქვედანაყოფები, რომლებიც არიან ჩართულები სხვადასხვა ოპერაციების დროს. როცა სხვა ძალა არ რჩება პოლიციელს, როცა ართმევენ ფარს, ართმევენ ხელკეტს და 300 -ზე მეტი ფარი აქვთ წართმეული, არის იმის ალბათობა, რომ შეიძლება მოხდეს გარღვევა, შეჭრა. ასეთ სიტუაციაში, პოლიციელი, სპეცრაზმელი იყენებს იმ საშუალებას, რომელიც გააჩნია. ” – აცხადებს სალუქვაძე.
ექსპერტმა რეზინის ტყვიების შესაძლო აკრძალვაზეც ისაუბრა.
“იყო საუბრები, ღირს თუ არა რეზინის ტყვიების აკრძალვა და ა.შ. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, პოლიციის განიარაღება არ შეიძლება. ჩვენ თუ ამოვიღებთ რეზინის ტყვიებს, მაშინ პოლიციელს რა დარჩება? ცეცხლსასროლი იარაღი? ეს ხომ აბსურდია? ამაზე იფიქრა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროპულმა ქვეყნებმა და ბოლოს, ეს იყო საფრანგეთში, ცნობილი ყვითელჟილეტიანების გამოსვლების შემდეგ, რომ რეზინის ტყვიების ამოღება არ შეიძლება. ” – ამბობს სალუქვაძე.
სალუქვაძის განცხადებით, გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას.
ჩემი პოზიციით, როცა მინისტრი ამბობს, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა ყველაფერი რაც ხდებოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, პოლიციური ოპერაციის დაწყებიდან მის დამთავრებამდე, არის მინისტრის პასუხისმგებლობა. მინისტრი რომ ამბობდეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და მე ვარიდებ თავს, მაშინ სხვა თემაა, მაგრამ ის არ გაურბის პასუხისმგებლობას. ” – აცხადებს სალუქვაძე
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარია ექსპერტებს შეხვდა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს.