ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაგაზიძე – ინტელექტუალურად მომზადებული ხალხის შემოკრების შემთხვევაში, ხაზარაძეს შეუძლია, ქვეყანას რევოლუციური სცენარი აარიდოს

ხაზარაძის მომავალი ეფუძნება იმ მოცემულობას, რაც დრეს ქვეყანაშია. პირველი ის, რომ ქვეყანა დღეს, ფაქტობრივად, რევოლუციურ სცენარში ცხოვრობს. მეორე ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ფონია და ამის მაგალითია, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მესამე ის, რომ ქვეყანას ძალიან ჭირდება ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგის შემსრულებელი პოლიტიკური ძალა და გახდება პოლიტიკური ცენტრი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რევოლუცია არაფერში ჭირდებათ. ასეთია ამ ქვეყნის ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

ლაგაზიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას შესთავაზებს ხაზარაძე ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით ქართულ საზოგადოებას.

“თუ ქვეყანაში არ იქნა ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ქვეყანა ამ რევოლუციას ვერ გადაურჩება. ხაზარაძეს შეუძლია, ინტელექტუალური და პროფესიულად მომზადებული ხალხის შემოკრების შემთხვევაში, ამ ქვეყანას კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი აარიდოს. უსაფრთხოების კუთხითაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყო მამუკა ხაზარაძეს როლი. ვგულისხმობ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც “ოცნებას” ხმას მხოლოდ იმიტომ აძლევდა, რომ დაცული ყოფილიყო “ნაციონალებისგან”. დღეს ეს ხალხი აბსოლუტურად უიმედოდაა, რადგან “ოცნებაში” ვერ ხედავენ ძალას, რომელიც დაიცავს. ამ ხალხს ჭირდება მიზიდულობის ცენტრი, რომელშიც დარწმუნებული იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ რას შესთავაზებს ხაზარაძე ხალხს ეკონომიკური უსაფრთხიების კუთხით. უზარმაზარი არმია საქართველოს მოქალაქეების, რომელთაც მცირე ბიზნესი აქვთ და ასი ათასობით დასაქმებული ყავთ, ვერც ხელისუფლებამ ვერ დაიცვა და ვერც ოპოზიციამ თავის ქმედებებით. ამ ხალხსაც ჭირდებათ პატრონი და სწორი ეკონომიკური ხედვა. ასე , რომ პოზიტიური როლის შესრულების მხრივ, ხაზარაძეს აქვს უზარმაზარი არეალი. მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებისა და მეორე მხრივ “ნაციონალების” მხრიდან, ის დარტყმის მთავარი ობიექტი გახდება. მიუხედავად რეალური წინააღმდეგობისა მამუკა ხაზარაძესთან, თუ “ოცნებას” რაციონალობა შერჩენია, ისევ ჯობია ხაზარაძე არ გადათელოს და ის გამოიყენოს ერთგვარ ბალიშად “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობისას”, -აცხადებს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

იტვირთბა....