რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლკოვმა „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება.
„ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების – Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი. ასევე იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება“ – განაცხადა ვოლკოვმა.
შეგხსენებთ, რომ დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.