“მთელი დღე, სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ეს სიბრიყვე, ბაჩო ქაჯაიამ რუსეთზე რომ ოკუპანტი თქვა, ამის გამო სამსახურიდან უშვებენო”, – ასე ეხმაურება პირველი არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირველი არხის გადაცემის წამყვანს, ბაჩო ქაჯაიას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მხარდაჭერისთვის, მას სამსახურიდან უშვებენ.
მაღლაფერიძის თქმით, ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია.
„მართლაც, დღეს მთელი დღე სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ეს სიბრიყვე, ბაჩო ქაჯაიამ რუსეთზე რომ ოკუპანტი თქვა, ამის გამო სამსახურიდან უშვებენო, ზოგი ვითომ ეშმაკობდა და შეკითხვას გვისვამდა, თუმცა, მიზანი იგივე ჰქონდა – ამ სისულელის გავრცელება. ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არც ერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს. ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთ ადამიანს, რომელიც საკუთარ გონიერებას ოდნავ მაინც პატივს სცემს, წესით ასეთი სულელები არ უნდა ვეგონოთ, თუმცა, ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება. რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, ვინ და რატომ ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ამ უსინდისო ფეიკის აგორებას? ვინ და ის არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ, რომ საქართველოს პირველი არხის დისკრედიტაცია არ სცადონ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც ამ განმარტებას შეისმენენ და ხვალ და ზეგ მაინც იგივეს გაიმეორებენ, ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა წესით არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება“.- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ბაჩო ქაჯაიამ სეზონის ბოლო გადაცემაში განაცხადა, რომ ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი უერთდებიან იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ.
გუშინდელი დღის ბოლოს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ ბაჩო ქაჯაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს პირველი არხი.