ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯიპების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ – კახა კალაძე

ჯიპების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ, – ასევე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტების კითხვას თუ რამდენად არსებობს სახელმწიფოს მიერ 135 ჯიპის შეძენის საჭიროება.

შეგახსენებთ, რომ  მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მანქანა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი. წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 045 000 ლარია.

მთავრობის მოთხოვნაა, რომ პრეტენდენტი იყოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობას ტრანსპორტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპობრივად, 4 თვის (120 დღის) განმავლობაში საკუთარი ხარჯებთ უნდა მიაწოდოს.

 

 

იტვირთბა....