ქუჩის მხატვარი გაგოშა მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებასა და მათ ბაზაზე ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნის საკითხს სტენსილით ეხმაურება.
მან მწერალთა სახლის ერთ-ერთ კედელზე ჩემოდნით ხელში, მწერალი დავით სარაჯიშვილი დახატა. “სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს” – სწორედ ასე დაასათაურა არტისტმა ნახატი.
ლიტერატურის ეროვნული ფონდის დირექტორის, ირმა რატიანის განცხადებით, მწერლის სახლი არათუ უქმდება, არამედ დაწესებულებაში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.
“ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერლის სახლი უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერლის სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ მწერლის სახლში ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანი არის წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში. მწერლის სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო მინდა ყველა დაგამშვოდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერლის სახლი.” – აცხადებს რატიანი