ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამ აქციებმა თავისი ისტორიული მისია შეასრულა – ლაგაზიძე

გაცილებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა ისტორიული მიღწევა შეინარჩუნონ და კონსტიტუციურ ნორმად აქციონ, ვიდრე ის, რომ ერთი კონკრეტული პიროვნების თანამდებობიდან გადაყენებით იყოს პროვოცირებული ამ აქციის წარმატება-წარუმატებლობა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება არ აპირებს შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას, შესაძლოა, „აქციის მუხტის მინავლება“, თუმცა პოლიტოლოგის შეფასებითვე, ამ აქციამ თავისი ისტორიული მისია უკვე შეასრულა.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ აქციებმა თავისი ისტორიული მისია შეასრულა. ეს მისია, ჩემი აზრით, ორ სხვადასხვა რამეში გამოიხატა – ერთი ეს არის ახალი თაობის გამოყვანა სივრცეში და მათი საზოგადოებრივი წონის დაფიქსირება და მეორე – ეს არის პროპორციული არჩევნების მიღწევა. ორივეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ეს აქციები დღეს დამთავრდება თუ გაგრძელდება კიდევ ერთი თვის განმავლობაში, მათ მოახერხეს ის, რისი მოხერხებაც ვერ შეძლო მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა 28 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება იმას, მუხტი მიინავლება თუ არა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი ტრაგიკული შეცდომა არ დაუშვა, ასეთ შემთხვევაში, თან იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულია, ყველა ერთხმად ცდილობს ამ აქციის ორგანიზატორთა დისკრედიტებას, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა არიან ისინი, ვინც დღეს პარლამენტთან დგანან. იმიტომ, რომ ორივე მონსტრ პარტიას უკვე რეალურ კონკურენტებად ესახებათ და ამიტომაც ებრძვიან. მათ დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებითაც, რომ ხელისუფლება მათი ბოლო მოთხოვნის, გახარიას გადაყენების შესრულებას არ აპირებს, მე ვფიქრობ, ეს მუხტი მიინავლება,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....