მინდა, ჩვენ ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დაგვასახიჩრეს, – ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს 21 ივნისს დაშავებულმა, მაკო გომურმა, ვიდეომიმართვისას განუცხადა. მაკო გომურმა შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანიისა, არ დაიხიონ უკან.
“მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაგვლანძღავს. ჩვენზე იტყვის ცუდს. მაგალითად, ორი საათის წინ, ტვინგამორეცხილი LGBT პირი მიწოდეს. არ მინდა, ასეთმა ფაქტებმა ბრძოლის უნარი დაგაკარგინოთ, რადგან მე ამით მაქვს ძალა. თქვენ იბრძვით საქართველოსთვის. ჩემთვის ხართ გმირები, რადგან არ ჩერდებით. თქვენ დგახართ სამშობლოსთვის და იბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ. მინდა, ჩვენ ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დაგვასახიჩრეს და ეს აღარასოდეს განმეორდეს”, – განაცხადა მაკო გომურმა.