“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის პირადი დაკვეთით ხდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერა, დაპატიმრება და რეპრესიები.
მისი თქმით, მტკიცება იმისა, რომ რომელიმე პარტია ან ლიდერი უპირისპირდება ხელისუფლებას, დანაშაულებრივი არგუმენტია. ნათელაშვილის განცხადებით, რეჟიმს უპირისპირდება ქართველი ხალხი.
„საქართველოში მყარდება რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პირდაპირი რეპრესიული დიქტატურა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა კრემლის საოკუპაციო კომიტეტად. ამის ფონზე მტკიცება იმისა, რომ რომელიმე პარტია ან ლიდერი უპირისპირდება ხელისუფლებას, არის დანაშაულებრივი არგუმენტი, რეჟიმს უპირისპირდება ქართველი ხალხი. მე მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის, დროზე დაადეთ სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რადგან მან საკუთარ ხალხზე ძალადობა შეწყვიტოს, დათმოს ხელისუფლება და დააბრუნოს საქართველოს ბიუჯეტში მოპარული მილიარდები. ჩვენ დიდი ხანია, ამერიკის შესაბამის კომპეტენტური სტრუქტურების წინაშე ეს საკითხი დაყენებული გვაქვს და განხილვის გაგრძელება ძირშივე არასწორია, ყველაფერი სახეზეა, თეთრიც და შავიც, რაღას ველოდებით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოსკოვის დაკვეთით აპატიმრებენ.
„მოსკოვის პირადი დაკვეთით ხდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერა, დაპატიმრება, რეპრესიები და გუშინ ეს სცენა ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში. პუტინმა შვიდი წელი ჩვენს ქვეყანაში აშენა პრორუსული პირამიდა თავისი არაფორმალური მმართველით, პრეზიდენტ-პრემიერებით, მინისტრებით და ოლიგარქებით, გამყიდველი პარლამენტარ-დეპუტატებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, მასმედიით, პოლიტიკური პარტიებით, რაინდებით, სამწუხაროდ, საპატრიარქოთი და ყველაფერი ეს პუტინს თავზე დაამხო ქართველმა ხალხმა. ეს გამარჯვება ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, დეოკუპაციის დაწყება სწორედ ეს არის, თბილისიდან უნდა დავიწყოთ დეოკუპაცია და გავიდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია და გველოდებიან“, – აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთიდან სანქციები ისედაც დიდი ხანია, ძალაშია.
„პირდაპირ კრემლიდან იყო მოთხოვნები, ვინც მათ აწყენინა, პასუხისგებაში მიეცეს, მათ რომ დაგვხოცეს და მიწები წაგვართვეს, სამშობლო გადაგვიღობეს, ამაზე პასუხი არავინ უნდა აგოს და გაბრაზების უფლებას არ გვაქვს ალბათ. მინდა, ვუთხრა მათ, ვინც სანქციებით არის შეშფოთებული, სანქციები დიდი ხანია გვადევს, მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი დამყარდა, მას შემდეგ, რაც ქართველ გლეხს არ აქვს უფლება, უვიზოდ გავიდეს ბაზარზე უზარმაზარ რუსეთის ფედერაციაში და გაყიდოს პროდუქცია, მას შემდეგ სანქციები გვაქვს დადებული“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.