საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს და გაითავისოს, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არანაირად არავის დაჭერას და დაპატიმრებას არ გულისხმობს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საშუალება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არ მოხდეს ვინმეს დამალვა იმუნიტეტის ქვეშ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროკურატურის პოზიცია, ანალიზი და მოვისმინეთ მთავარი ბრალმდებელი ორგანოსგან, რომ მათ გააჩნიათ ყველა მინიმალური სტანდარტი მტკიცებულებების, რომელიც განაპირობებს ამ სახის საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას. საზოგადოებამ ეს უნდა კარგად გაიგოს და გაითავისოს, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არანაირად არც არავის დაჭერას და დაპატიმრებას არ გულისხმობს, ეს არის საშუალება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არ მოხდეს არავის იმუნიტეტის ქვეშ დამალვა, არ მოხდეს ინდულგირება სტატუსიდან გამომდინარე რომელიმე თანამდებობის პირის, თუ მის ქმედებაში არსებობს დანაშაულის ნიშნები და მან ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველამ, მათ შორის ასეთი სტატუსის მქონე პირებმაც შესაბამისად უნდა აგონ პასუხი ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ ყოფილა და საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი.
„მათ შორის ერთი იყო ნიკა გვარამიას პროკურორობის დროს, ვალერი გელბახიანს ჩამოართვეს იმუნიტეტი და თუ არ ვცდები, იმავე დღეს მოხდა მისი დაკავება. ეს არ არის უპრეცედენტო ფაქტი, თუმცა ამ ფაქტს მისი მნიშვნელობიდან, შინაარსიდან გამომდინარე უნდა მოვკიდებოდით და მოვქცეოდით, სწორედ ამიტომ დახლოებით 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა. კანონით განსაზღვრული შესაძლებლობის ფარგლებში დაწვრილებით დავუსვით კითხვები პროკურატურის თანამშრომელს, პროკურორს და მხოლოდ ამის შემდგომ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.