ყოფილი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ 20 ივნისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულა და შეეცადა, შს მინისტრსა და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შორის შეხვედრა შემდგარიყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პავლე კუბალშვილმა განუცხადა, ის თავდაპირველად აკაკი ბობოხიძეს, შემდეგ კი შს მინისტრ გიორგი გახარიას დაუკავშირდა. კუბლაშვილის თქმით გახარიასთან შეხვედრაზე უნდა ყოფილიყვნენ ნიკა მელია, გიგი უგულავა და გრიგოლ ვაშაძე, თუმცა დროში ამ შეხვედრის ორგანიზება ვეღარ მოესწრო.
„იმ საღამოს აქციაზე, როდესაც ყველა ვაკვირდებოდით ამ დაპირისპირებას, დემონსტრანტებსა და პოლიციის კორდონს შორის, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მომართული იყო იმისკენ, რომ ეს რაღაცნაირად განემუხტა. მათ შორის მეც ვცდილობდი, რომ სიტუაცია განმუხტულიყო, ვიდრე ესკალაცია პიკს მიაღწევდა. შესაბამისად მე დავუკავშირდი მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც მართავდა იქ პროცესებს. კონკრეტულად აკაკი ბობოხიძესთან მქონდა კონტაქტი. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მთავარი გამოსავალი ყოველთვის არის ხოლმე მოლაპარაკება და შეთანხმება რაღაც საკითხზე. არავის არ უნდოდა დაპირისპირება გაგრძელებულიყო და შესაბამისად მე გავედი კონტაქტზე, მათ შორის მინისტრ გახარიასთან, რომელმაც სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თანხმობა განაცხადა ამ ტიპის შეხვედრაზე პოლიტიკოსებთან, რის შემდეგაც ისევ ორგანიზატორებთან დავბრუნდი და ვცდილობდი შეხვედრა შემდგარიყო. სამწუხაროდ შეხვედრა არ შედგა. როგორც ჩანს, დროში ცოტა ვერ მოვასწარით ამის დაორგანიზება. სიტუაცია კიდევ გამწვავდა ერთხელ და შემდეგ უკვე პოლიციამაც ძალა გამოიყენა. სრულიად თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო და არცერთი დემონსტრანტი არ დაზარალებულიყო. ეს იყო ჩემი და ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.