ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა არანაკლებია, ვიდრე სამხედრო აგრესია – ლაგაზიძე

ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია – პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, საქართველოდან რუსი ტურსიტების გასვლის საკითხს საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა.

“პუტინმა საქართველოს ომი გამოუცხადა: ტურისტების შემოსვლის აკრძალვა შუაგულ სეზონზე ეკონომიკურად არანაკლებ დამანგრეველი შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო აგრესია – ეს საშუალო და მცირეშემოსავლიანი ქართველების მოგუდვას ემსახურება. შედეგად უნდა მიიღოს უპრეცედენტო სოციალური ბუნტი, ტურისტულ შემოსავლებზე ჩამოკიდებული ასიათასობით ქართველის დაპირისპირება პროდასავლურ ვექტორთან და რუსთაველზე გასულ თავისუფლებისმოყვარე თაობასთან, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ამიტომ, რადგან ვიცით, რომ ღია, გამოცხადებულ ომში ვართ: ერთიანობის და არა – წუწუნის და თავში ცემის დროა! რადგან ისიც ვიცით, რა მეთოდებით გვებრძვის და რისი მიღწევა უნდა, განსაკუთრებული გონიერება და პროვოკაციებზე არ წამოგება გვმართებს! თუ ვინმე დაზარალდა პუტინის ამ ტურისტული ემბარგოთი, ერთ-ერთი მეც ვარ. მაგრამ ვიცი, რომ ომში ვარ და ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. და ამ სტატუსით მოგიწოდებთ: არ დავუშვათ საზოგადოების ერთმანეთთან წაკიდება, დესტაბილიზაცია და ქვეყნის ჩამოქცევა. ერთიანობის და გონიერების დროა!” – აცხადებს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ.

ამასთან, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია არ დაგეგმონ ტურები საქართველოში.

პუტინის განკარგულებით, დაევალათ შესაბამის უწყებებს, დროებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებს დაეხმარონ უკან დაბრუნებაში.

 

იტვირთბა....