ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – კობახიძის გადადგომა მეტ-ნაკლებად საკმარისი იქნებოდა გუშინ, დარბევის შემდეგ ფასი გაასმაგდა

კობახიძის გადადგომა მეტ-ნაკლებად საკმარისი იქნებოდა გუშინ დღის ბოლომდე. რაც გუშინ მოხდა, ეს არ არის ამის ფასი. ხელისუფლებმ ეს არ გაითვალისწინა, რომ თითო დაგვიანებული საათი ფასს ზრდიდა, კობახიძე არ არის ადეკვატური ფასი იმისა რაც მოხდა გუშინ, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პარლამაენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვების თემის კომენტირებისას განაცხადა.

ხუხაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ კობახიძის გადადგომა საკმარისი არ იქნება.

“კობახიძე გავრილოვის ეპიზოდში შეიძლება არის საკმარისი, მაგრამ წუხელ განვითარებული დარბევა, ფასს გადასცდა. ასე, რომ ძალინ მძიმე პროცესში ვართ. კარგია კობახიძის გადადგომა. მე ხშირად მითქვამს, რომ ეს ადამიანი ერთი დიდი გაუგებრობაა ქართულ ოცნებაში, არსაიდან მოსული და არსაით მიმავალი. რაც შეეხება ფასს გუშინ ღამით ფასი გაასმაგდა. რამდენად გაიზრდება ფასი ხვალ და ზედ ესეც ისევ ხელისუფლების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული.

მიშა სააკაშვილი 8 ნოემბერს გადადგა, შესაბამისად დღეს ხელისუფლებას არ მოვუწოდებ გადადგომისკენ და რიგგარეშე არჩევნებისკენ, რადგან არ მგონია არჩევნები სასარგებლო იყოს ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ 2020 წელში პროპორციული არჩევნების ჩატარება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენცია საარჩევნო კანონმდებლობაში, დღეს შეიძლება აღმოჩნდეს დამაკმაყოფილებელი, ხვალ შეიძლება ესეც გვიანი იყოს”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსნებთ, გუშინ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.

“ქართულ ოცნებაში” გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

იტვირთბა....