ქართული ოცნება / Georgian Dream გეტყვით ახლა რა უნდა თქვათ:
რა და ის, რომ მიშამ ბიძამისის მეშვეობით ჩააწყო მოსკოვში გავრილოვის ჩამოყვანა, უზრუნველყო კობახიძის სავარძელში მისი ჩასმა (კარგად გაარკვიეთ ვინმე მიშისტი ხომ არაა პარლამენტის პროტოკოლში) და შეეცადა მოეწყო დესტაბილიზაცია, რისთვისაც ვანო მერაბიშვილის ჩანერგილ მიშისტ პოლიციელებს ასროლინა რეზინის ტყვიები.
თუმცა, მე რომც არ გითხრათ, თქვენ თვითონ რამე განსხვავებულს იტყვით თუ რა?
წერს დავით ზურაბიშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.
შეგახენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. ის ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას. გავრილოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული.
ასევე შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.