სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და ქვეყანაში დღეს დაბრუნდება.
ის ბელარუსში 20 ივნისს გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა.
შეგახენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. ის ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას. გავრილოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული.
ასევე შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლები გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.