პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა. დეპუტატმა ნიკა მელიამ პოლიციას პარლამენტის ჭიშკარი გააღებინა, რა დროსაც მელიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. რის გამოც ნიკა მელიას დაკავება სცადეს, თუმცა მოგვიანებით იგი მხოლოდ აქციის ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შემთხვეევის ადგილას მივიდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია და სამართალდამცავებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს წევრს, ვატო შაქარიშვილს, აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დღეს ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ამის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა მას მიკროფონი გამოართვეს და ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.