“რაც ამ წუთებში ხდება პარლამენტში,- ესაა “ქართული ოცნების” საპარლამენტო ელიტის და ბოკერია- სააკაშვილის საპარლამენტო ჯგუფების მიერ ერთობლივად დაგეგმილი სპექტაკლი, რომლებიც დიდიხანია აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ჩემი აზრით, რამდენიმე შეცდომა სრულიად გააზრებულად იყო დაშვებული, რომ ამას მოგვიანებით პროტესტი მოჰყოლოდა:
1. დარბაზი არასწორად იყო შერჩეული. ეს ხომ იცოდა “ქართულმა ოცნებამ”, ეს ხომ იცოდნენ ორგანიზატორებმა? რატომ უნდა შერჩეულიყო ასამბლეის სხდომისთვის მაინც და მაინც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი? ეს ხომ თავშივე მოიცავდა პროვოკაციას? განა თბილისში ცოტაა საკონფერენციო დარბაზები, რომ რუსი დეპუტატები მაინც და მაინც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების დარბაზში არ შეეყვანათ?!
2. გავრილოვი იქ დაჯდა, სადაც უთხრეს, რომ დამჯდარიყო, ნებისმიერ კონფერენციას მართავს პროტოკოლი და საკუთარი სურვილით ვერავინ ვერსად ვერ ჯდება. მითუმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ვინ გამოუყო გავრილოვს მაინც და მაინც ეს ადგილი და რატომ გამოუყო, ესაა საინტერესო, აქაც თავშივე პროვოკაცია იყო ჩადებული. ან როდესაც გავრილოვმა ეს ადგილი დაიკავა, რატომ არ მივიდა პროტოკოლი და ჩუმად არ აუხსნა, რომ გაეთავისუფლებინა ეს ადგილი?!
3. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და ნორმალიზაცია თუ ვინმეს ამ ფორმებით წარმოუდგენია, ის ცდება. მსგავსი პროვოკაციები მხოლოდ აზიანებს პროცესს.
4. ვინ იდგა დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან? რა ხალხი იდგა? ვინც თავის დროზე მოწინააღმდეგეს ქართული მიწების 22%- ი ჩააბარა, ვინც სამარცხვინოდ გააჩუქა ახალგორი და კოდორი.
5. ამასობაში გურამ ფალავანდიშვილს აპატიმრებენ, რომ “თბილისი პრაიდის” საჯარო მსვლელობის თემა ჩაქრეს.
6. რეზიუმე- ეს პროვოკაცია ერთობლივად იყო დაგეგმილი “ქართული ოცნებისა” და მათი მოკავშირე პოლიტჯგუფების მიერ (სააკაშვილი- ბოკერიას ჯგუფები). ხალხი შეიკრიბოსო. ახლა ვნახავთ, გაერთიანებულ მასშტაბში ოცნებას, ნაცმოძრაობის ორივე ჯგუფს და სხვა პარტიებს რამდენი ადამიანი უჭერს მხარს”
ასე აფასებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვება;