ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც არის ნიშნები, რომ სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, ამას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯები სამართლებრივ ჩარჩოებში. შსს-მ შესაბამისი მუხლით დაიწყო ამ საკითხის გამოძიება და ბუნებრივია, იგივე მიდგომა ექნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწოდებების თემის კომენტირებისას განაცხადა.
ბახტაძის განცხადებით, ჯობს მთელი საზოგადოება ორიენტირებული იყოს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა – ოკუპაცია და სიღარიბე.
“ბოლო დღეების განმავლობაში რაც ჩვენ ვიხილეთ, გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მადლობა ადავუხადო პოლიციელებს, ვინაიდან შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა, აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი.
არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ, პრობლემები და გამოწვევები, რაც არის, ეს არის პირველ რიგში ოკუპაცია და სიღარიბე და ჯობია, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.