ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე საერთაშორისო ავტორიტეტს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კანდელაკის განმარტებით, 19 ივნისს, თბილისში იმართება მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, რომელზე ჩამოსვლასაც გეგმავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის რამდენიმე წევრი, მათ შორის სერგეი გავრილოვი, რომელიც რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გავრილოვი იმყოფებოდა აფხაზეთში, ომის მიმდინარეობის დროს და მონაწილეობდა ომში საქართველოს წინააღმდეგ. იგი ასევე იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში – დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. იგი ხელმძღვანელობს ე.წ დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან – რომელსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პარლამენტების მსგავსად არავინ აღიარებს „ურთიერთქმედების ჯგუფს“. აღსანიშნავია, რომ კომპარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვთან ერთად ერაყის როგორც პირველი ასევე მეორე ომის დროს იმყოფებოდა ბაღდადში და აქტიურად უჭერდა მხარს სადამ ჰუსეინის რეჟიმს.
გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის სხვადასხვა ეკლესიების მიერ აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგო ლობირებაა. 2015 წელს აღნიშნულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს.
იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა”,- განაცხადა კანდელაკმა.
19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.
ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.