ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება საჯაროდ, ღიად და თავისუფლად. მგონია, რომ ეს არის სრულიად დაუშვებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
როგორც ხულორდავამ აღნიშნა, მსგავსი განცხადებები ქვეყნის მომავლისთვის და განვითარებისთვის დამაზიანებელია.
„ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება საჯაროდ, ღიად და თავისუფლად. მგონია, რომ ეს არის სრულიად დაუშვებელი. ჩვენ ვნახეთ ის, რომ პოლიციამ ძალიან სწორად იმოქმედა პარასკევს, როცა პირველად ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აუცილებლობა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა მომხდარიყო. იმედი მაქვს, ჩვენ შევინარჩუნებთ საღ გონებას, სიმშვიდეს და გავემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას. ეს ჩემთვის ცალსახად მიუღებელია. დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა ერთი საკითხის გარშემო, დროა ვიფიქროთ, ვის აძლევს ხელს. ეს ნამდვილად არ არის კარგი მომავლისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. ვწუხვარ, რომ ამ პროცესებზე გვიწევს დღეს კომენტარების კეთება ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე და უკეთეს დღეზე“, – განაცხადა ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხაებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ. მათ ექნებათ ქამრები და კომბლები.
ამ და ვასაძის სხვა განცხადებების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.