თუ ამ წუნკლებს რაიმე საჯარო ღონისძიებას ჩავატარებინებთ, შეგვიძლია, დავემშვიდობოთ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პერსპექტივას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვასაძის თქმით, ლგბტქ თემის მიერ საჯარო ღონისძიების გამართვის შემთხვევაში, საქართველოს მთელს კავკასიაში რეპუტაცია შეელახება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაეშვა “გეი პარადის” გამართვა. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, აქციის ჩატარებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონტრაქციასა და აქციას პოლიციის კორდონი ყოფდა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში დააკავეს 28 პირი. აქედან 21 ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორშაბათიდან დაიწყებენ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ სამიქნობაში ხელი შეუშალეს.
“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს