მთავარი საზოგადოება

ვასაძე, ლორთქიფანიძე, ეს ხალხი პირდაპირ არის დაკავშირებული პუტინთან – ბოკერია

„კონტრაქციის ორგანიზატორები, პირველ რიგში, ვასაძე, ლორთქიფანიძე, არიან საქართველოში თითოეული ადამიანის თავისუფლების მტრები, არა მხოლოდ უმცირესობების, არამედ ყველასი და მთლიანად საქართველოს თავისუფლების მტრები. ეს ხალხი პირდაპირ არის დაკავშირებული პუტინთან, პირდაპირ ქადაგებს ძალადობას და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ხელისუფლება, სადაც საჭიროა, იქ მიმართავდეს ადეკვატურ ზომებს, როდესაც ხდება ღია მოწოდება ძალადობისკენ და ძალადობას მერე ჩადიან, იქ ლიდერები დააკავოს, ამის მაგივრად შუამავლის როლს ირგებს, რითიც, პრაქტიკულად, პრივილეგიას ანიჭებს მოძალადეებს”

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “რუსთავი 2-თან” საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოვლენებს აფასებს;

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაეშვა “გეი პარადის” გამართვა. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, აქციის ჩატარებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონტრაქციასა და აქციას პოლიციის კორდონი ყოფდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში დააკავეს 28 პირი. აქედან 21 ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორშაბათიდან დაიწყებენ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ სამიქნობაში ხელი შეუშალეს.

იტვირთბა....