ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანაა. ასევე ევროპას აქვს დიდი გამოცდილება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ რამე უნდა ვისწავლოთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან ამერიკასა და ევროპისგან, ეს მათი ხედვაა ამ საკითხთან დაკავშირებით. გავიზიაროთ მათი გამოცდილება, – ამის შესახებ “მეტორნომტან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
კახაძემ განაცხადა, რომ ამერიკისგან და ევროპისგან საქართველომ ბევრი რამ უნდა ისწავლოს.
“კალკირება არ მოვახდინოთ, ჩვენი ტრადიციები ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით მეტ პლიუსებს იძლევა, მაგრამ თუ გვინდა იმ ქვეყნებმა ღირსეულ პარტნიორებად გვაღიარონ, ვისწავლოთ რაღაცები. მოდი, დავეკითხოთ, როგორ ესადაგება ჩვენს მიერ გამოთქმული წინადადებები, მატ მიერ გავლილ ცხოვრებას. ავიღოთ მაგალითები ამერიკისგან და ევროპისგან თუ როგორი დამოკიდებულებაა იქ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით და საქართველოს მოსახლეობას შევთავაზოთ. ჩვენ ხომ ხალხისგან განყენებული არ ვართ. თუ გინდათ ჩავატაროთ პლებისციტი- ყველას დავეკითხოთ სიძულვილის ენა და ცილისწამება როგორ უნდა მოექცეს საკანონმდებლო სივრცეში. ყველა ადამიანი პოლიტიკოსია, ნუ შევეცდებით მათზე ზემოთ დადგომას. მე ექიმი ვარ და სანამ რამე დასკვნას ვაკეთებ, იქამდე უამრავი დიაგნოზი უნდა დავსვა”, – განაცხადა კახაძემ.
შეგახსენებთ, რომ კობახიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.