19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეა გაიმართება.
ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
“მოგეხსენებათ, საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მატარებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა გაერთიანებულია რამდენიმე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, მათ შორის, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში. ჩვენი ყველას ერთად მცდელობით (ოპოზიციასაც არ უნდა დავუკარგოთ წვლილი, ვინაიდან ისინიც გვეხმარებოდნენ), შევძელით, რომ 26-ე გენერალური ასამბლეა შედგება თბილისში 19-22 ივნისს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, ასამბლეის თემა იქნება “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”. ქუცნაშვილის თქმით, სურს ყველა დაესწროს ამ ფორუმს განურჩევლად იმისა “ხელისუფლებას წარმოადგენს, თუ ყოფილი ხელისუფლებას” და ერთად იფიქრონ პრობლემების მოგვარებაზე.