კიევში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახური“ (“Слуга народа”) ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. მისი განცხადებით, იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ 21 ივლისის არჩევნებში მისი პარტია გაიმარჯვებს და არსებულ სისტემას საბოლოოდ დაამარცხებს.
“ჩვენ მივდივართ რადაში, რათა ახალი სიტემა ჩამოვაყალიბოთ. “ხალხის მსახური” -ეს არ არის მხოლოდ ბრენდი, ეს ჩვენი მსოფლმხედველობაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკრაინაში ახალი სიტემა შევქმნათ. ძველის შეცვლა კი არ მოვახდინოთ, არამედ ახალი შევქმნათ. ყველაფერი 21 აპრილს ერთად დავიწყეთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი, პირველი რაუნდი იყო.” – განაცხადა მან.
ყრილობაზე დეპუტატობის კანდიდატთა პირველი 100-კაციანი სია წარადგინეს. სიას პირველი ნომერი პარტიის ლიდერი დმიტრი რაზუმკოვია.
ყრილობა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა. სტუმრებს შაურმით გაუმასპინძლდნენ. თავად ზელენსკის განცხადებით, მას შაურმა ძალიან უყვარს.