დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა,- ამის შესახებ “ჩაინა ლილო სითის” განაცხადა დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, თუ ვინ ახდენს ზეწოლას, ქირიამ თქმით, ეს ჟურნალისტებმა თავად მას უნდა ჰკითხონ.
“მკითხეს არის თუ არა ზეწოლა მეპატრონეზეო, მეპატრონეზე რა სახის ზეწოლაა, ეს მე ისე ვიცი, როგორც სხვებმა. არის მასზე ზეწოლა და ამას თვითონ მოგახსენებთ. ღაჭავა არ უკავშირებს პოლიტიკურ მოტივებს, თუმცა მე გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ”, – განაცხადა ქირიამ.
კითხვაზე, რა ტიპის ზეწოლაზე საუბრობს , ქირიამ ფინანსური პოლიციის ვიზიტზე და საბუთების დალუქვაზე ისაუბრა.
„თავად ამბობს, რომ ზეწოლა არ არისო?! ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამიტომ, თუ ვინ ახდენს ზეწოლას, მას უნდა ჰკითხოთ. დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. როცა ფინანსური პოლიციის რამდენიმე ოფიცერი რამდენიმე მანქანით ღამე მოდის, ლუქავენ საბუთებს, ამოიღებენ კომპიუტერს, ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯს, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ზეწოლა”.
ჩაინა ლილო სითის” დირექტორმა ასევე განმარტა, თუ რა კონტექსტში ახსენა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი.
“უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. სულ სხვა თემაა, რადგან ეს პირადად, მე მეხება. უჩა მამაცაშვილი მე ხანძრის მიზეზებთან არ დამიკავშირებია. ეს, უბრალოდ ვთქვი ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის სხვა შპს და სხვა ტერიტორიაზეა განლაგებული, მე იმის თაობაზე ვთქვი. გამიჯნულად ვსაუბრობდი, როგორც მეპატრონეზე ასევე, ჩემზე. არ ვიცი, ამ ბაზართან მიმართებით აქვს თუ არა რაიმე ინტერესი უჩა მამაცაშვილს. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ”. – განაცხადა მან.
ქირიამ შესაძლო დივერსიაზე კითხვასაც უპასუხა.
“ტერიტორიას პოლიცია იცავს. არავის უშვებენ. გუშინ ვერ მოხერხდა ექპერტიზის ჩატარება, რადგან დაკვამლიანება იყო და ის ადგილი წყლისგან იყო დასველებული. სავარაუდოდ, დღეს დასრულდება ექსპერტიზა.რა რაოდენობის ზარალია და რა რაოდენობის ფართი განადგურდა, ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის, რადგან შიგნით ჯერ ვერ შევდივართ.
რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს, რაც გუშინ მქონდა. როდესაც თქვენი კოლეგები მეკითხებოდნენ, გამოვრიცხავდი თუ არა დივერსიას, ვამბობდი,რომ არაფერს გამოვრიცხავ-მეთქი.” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.