ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის შუალედში ბათუმში ორი არასრულწლოვანი გოგო დაქორწინდა. ერთი არასრულწლოვანი 17 წლისაა, მეორე კი, როგორც სკოლაში გვითხრეს, 16 წლის. ორივე გოგონა, საჯარო სკოლის მოსწავლეა.
იმ სკოლის დირექტორი, სადაც 17 წლის გოგო სწავლობდა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. „მაშინვე შევატყობინე სოციალური მომსახურების სააგენტოს, წერილობით მივმართეთ, ჯერ არ ვიცით, მშობლებთან შეთანხმებით მოხდა თუ არა ეს. ვიცით, რომ გათხოვდა და არ არიან საქართველოში. როგორც ვიცი, ქმარი არის სრულწლოვანი“, – გვეუბნება დირექტორი.
სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ კვირაში მეორე არასრულწლოვნის ქორწინების შესახებაც მიიღო შეტყობინება. მათი თქმით, ჯერ სოცმუშაკი არასრულწლოვან გოგოს არ შეხვედრია, რადგან შეტყობინება ახლახან მიიღეს.
„რადგან გოგონა 16 წლისაა, ქმრის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კანონი არ ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენ მაინც შევატყობინეთ პოლიციას. მშობლებს არ შევხვედრივართ ჯერ, არც გოგონას, მაგრამ ვნახავთ, რომ გავარკვიოთ, ხომ არ იკვეთება ძალადობრივი ქმედება, ან იძულება“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ამ გოგონას სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დაქორწინების მიუხედავად, გოგონას სკოლა არ მიუტოვებია და გაკვეთილებზე დადის. ის სკოლაში დედამთილთან ერთადაც გამოჩნდა.
ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების შესახებ შეტყობინება ორ-ორი კვირის შუალედში შევიდა.
სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა, „რაც პრობლემის გენდერულ განზომილებას უსვამს ხაზს“.
ამავე ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.
„კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150 პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, “- ნათქვამია ანგარიშში.
წყარო – batumelebi.ge