ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი ნამდვილი სამშობლო ცათა სასუფეველშია” – მეუფე შიო

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სხალთელმა მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამღვდელოებასთან ერთად ჩაატარა. მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ეს არის ზეცად ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქროსტესი. გადმოგცემთ უწმინდესისა და უმეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დალოცვას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა-კურთხევა. საოცარი დღეა, დღეს არის ზეცის დღესასწაული, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ლუკა მახარობელი წერს, რომ იესო ქრისტე 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოსწავლეებს და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ ეკლესიის მოწყობის, ცათა სასუფევლისა და ქრისტიანული საიდუმლოებების შესახებ. და აი მე-40 დღეს, როდესაც ბოლოჯერ დალოცა ისინი, ესაუბრა, მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა. მოციქულებმა იხილეს ეს საოცარი რამ, თაყვანი სცეს მას“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზეცად ამაღლებას, ამით აღსრულდა ის პირვანდელი დანიშნულება, რისთვისაც შეიქმნა ადამიანი.

„ადამიანის ბუნება განიღმრთო. აი, ამ დღეს ვდღესასწაულობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მკაფიოდ ჟღერს ეს დღევანდელ ცხოვრებაში. უმეტესწილად დღევანდელი ცივილიზაცია და იდეოლოგია მაინც მიწიერი ცხოვრებისკენ მიგვიზიდავს, მიწიერ კეთილდღეობაზეა აწყობილი ყველაფერი და მთავარი მიზნები ამის გარშემო არის. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჟღერს უფლის ეს სიტყვები და მოწოდება. აქ ჩანს, რომ ჩვენი მოწოდება არის ზეციური ცხოვრება და რომ ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო არის ზეციური სასუფეველი, რომელიც იწყება მიწიერ ცხოვრებაში. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ეკლესიაში გვეძლევა საშუალება, ქრისტესთან თანაზიარებით გავხდეთ ამ ცხოვრების მონაწილე. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ და უფალმა ინებოს ჩვენი ამაღლება, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ მრევლს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს მიემგზავრება ბოდბეში, სადაც კვირას წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი იკურთხება. პირველ წირვას იქ კათოლიკოს-პატრიარქი ჩაატარებს.

იტვირთბა....