შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უზრუნველყოფაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ვინმეს დანაშაულის ჩადენა-არჩადენაზე გარანტიები მისცეს. დანაშაული ისეთი საქციელია, რომელიც შეიძლება აიცილო თავიდან, მაგრამ არის დანაშაულის კატეგორია, რომელსაც ვერ აიცილებ თავიდან, – ამის შესახებ “მეტრონომს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “თბილისი პრაიდის” მიერ “ღირსების მარშის” ჩატარების თემის კომენტირებისას განაცხადა.
ქუცნაშვილის განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში დაცულია.
“თუ ვინმე გარანტიას ითხოვს, გარანტიის მიმცემი ვერ იქნება. თუ ვინმეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სურს, რა თქმა უნდა, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ჩვენთან დაცულია.
მე ვაკეთებ ზოგადი ხასიათის კომენტარს, არ ვიცი რას ეუბნება შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ. თუ ვინმე მოელის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია, გარანტირება იმისა, რომ არავინ არ ჩაიდენს დანაშაულს, ეს შეუძლებელია. რაც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, ეს უფლება დაცულია. ყველა უწყებას აქვს უფლება, რომ მიმართოს რეკომენდაციით და უთხრას, რომ თუ გინდა შეკრება ჩაატარე აქ და მაინცდამაინც ნუ ჩაატარებ ეკლესიის წინ. მიანცდამაინც ეკლესიის წინ როდესაც გინდა ჩატარება, ამას სამართლის ენაზე ქვია პროვოცირება, აგრესიისა და კონფლიქტის პროვოცირება. როდესაც ხარ მაპროვოცირებელი და ამას აკეთებ იმისთვის, რომ მსხვერპლის როლში წარმოჩინდე, ბუნებრივია, შსს გეტყვის, რომ რატომ აკეთებ იმას, რასაც თავისთავად მოყვება რეაგირება, რატომ გინდა იყო მსხვერპლი თუ კეთილმოსურნე ხარ და მხოლოდ ადამიანის თავისუფლებისთვის იბრძვი”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.
შსს-მ პრაიდის ჩატარების ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
თავის მხრივ, პრაიდის ჩატარების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.