უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის უკრაინა უნდა გაძლიერდეს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სამხედრო კუთხით. ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან, მზად ვართ ავამოქმედოთ მინსკის შეთანხმება, მაგრამ ჯერ უნდა გვქონდეს თავდაცვის საშუალება, უნდა გავძლიერდეთ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, 5 ივნისს უკრაინის დელეგაცია განახლებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას მინსკის მოლაპარაკებებში. ამ მოლაპარაკებებს დაესწრება უკრაინის გენშტაბის ახალი მეთაური რუსლან ხომჩაკი.
ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრაზე განიხილება ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა.
თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ ნატო არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მოუწოდა მოსკოვს, გაათავისუფლონ ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი სამხედროები და გემები. მისივე თქმით, ნატო მზადაა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს უკრაინაში რეფორმების გატარებაში.