მიხეილ კალანდიას ძმის განცხადებით, დაკავებული უდანაშაულოა და ეს ზაზა სარალიძემაც იცის. როგორც “ტვ პირველს” ლუკა კალანდიამ განუცხადა, ქვეყანა ჩალით არაა დაფარული.
“მიხეილ კალანდიას ხელში საერთოდ არ ჭერია დანა. ბიჭი არის უდანაშაულო და უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ, რა. ეს ქვეყანა ჩალით არაა დაფარული. ზაზა სარალიძემ იცის, რომ კალანდია უდანაშაულოა. მივდიოდით პროცესზე, მიხეილი უნდა დაკითხულიყო და შუა ტრასაზე მიხეილი აიყვანეს და ისე გაჟღერდა, რომ მიხეილი ქალაქს ტოვებდა”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.