ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული მხარე მზადაა, მიიღოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს შავ ზღვაში მყოფ ნატო-სა და წევრი ქვეყნების ხომალდებს” – ბახტაძე

ქართული მხარე მზად არის, შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს შავ ზღვაში მყოფ ნატო-სა და წევრი ქვეყნების ხომალდებს, –  აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, პირველ წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული პროექტი შესათანხმებლად უწყებებთან არის წარდგენილი.

„შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციებთან. გაიზარდა ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთები საპორტო ვიზიტების ინტენსივობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილში ნატო-ს მუდმივმოქმედმა მეორე საზღვაო შენაერთმა საპორტო ვიზიტი განახორციელა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა ნატო-ს ხომალდებთან ერთად ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. სწავლებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული აილენდის კლასის ორი ხომალდი − „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ოთხი ხომალდი − HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი). წვრთნების მიზანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) 2017 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი (JMOC) ყოველკვირეულ რეჟიმში ცვლის ინფორმაციას ნატო-ს ნაოსნობის ცენტრთან (NATO Shipping Center).

„ამ ეტაპზე მხოლოდ არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს. 2018 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება დამტკიცდა, სადაც ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები და უწყებათშორისი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები გაიწერა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

იტვირთბა....