ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანადაფინანსების 100 000 ლარიანი პროგრამის მესამე ეტაპის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.
მინისტრი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წინა ორ კონკურსში 37 პროექტი დაფინანსდა.
„ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, 37 მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური იდეა და პროექტი ძალიან ბევრია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ორი პარალელური პროგრამა, რომლითაც ვაფინანსებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ იდეებსა და პროექტს. ესაა პროგრამა ე.წ. დამწყებთათვის, სადაც გამარჯვებული 100,000 ლარს მიიღებს, ასევე
განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის. მათთვის გრანტის მოცულობა 650,000 ლარია. ორი ასეთი ერთმანეთთან დაკავშირებული პროგრამის არსებობა ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს სტარტაპებს და მათ კიდევ უფრო საფუძვლიანად დავეხმარებით განვითარების ახალ, მეორე ეტაპზე“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა დაამატა, რომ სამინისტროს მიერ გამოვლენილი პროექტებიდან ყველას აქვს პოტენციალი, ფეხი გლობალურ ბაზრებზე მოიკიდონ და ვენჩერული და ენჯელ დაფინანსება მოიპოვონ, რაშიც უწყება მათ დაეხმარება.
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.